ქართველი, რომელსაც ატომური ბომბი ანდეს

February 17, 2011 at 10:51 am Leave a comment

ირაკლი ალადაშვილი

ჟურნალისტის პროფესია მართლაც საოცარი და საინტერესოა, მოულოდნელობითაც არის სავსე. შეიძლება საინტერესო თემას ცხრა მთას იქით ეძებდეთ და ყურისძირში კი იყოს.

ასე აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემი მეზობელი წლების განმავლობაში ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის სამხედრო მრჩეველი იყო, ხოლო საქართველოს ორი პრეზიდენტი – ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი – მას სიცოცხლეს ანდობდნენ, იმ შვეულმფრენით მგზავრობდნენ, რომელსაც ის მართავდა.
75 წლის პოლკოვნიკი დარვინ რუხაძე შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდეს: პირველად 1955 წელს მიუჯდა თვითმფრინავის შტურვალს, ხოლო ბოლოს შვეულმფრენი 2004 წელს მართა, ანუ ნახევარი საუკუნე დაფრინავდა.

თუმცა, რაც მთავარია, ის ერთ-ერთი პირველი (ან შეიძლება პირველიც) ქართველი სამხედრო პილოტი იყო, რომელსაც სპეციალური საიდუმლო ბრძანებით უფლება ჰქონდა მინიჭებული, თავისი გამანადგურებელ-ბომბდამშენით გადაეტანა ტაქტიკური ატომური ბომბი და საჭიროების შემთხვევაში ჩამოეგდო NATO-ს წევრი რომელიმე ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე!

ბატონოდარვინ, რომელ წლებში და რომელი ტიპისთვითმფრინავით უნდა ჩამოგეგდოთ ატომური ბომბი, თუკი მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა?
– 1960-იანი წლების შუა ხანებში უკვე მეორე კლასის  მფრინავი ვიყავი და წითელი ვარსკვლავის ორდენით დამაჯილდოეს, რადგან იმ დროისათვის ახალი რეაქტიული ზებგერითი გამანადგურებელ-ბომბდამშენი СУ-7Б სრულყოფილად ავითვისე. ეს ძალზე რთული და სარისკო საქმე იყო, ახალ თვითმფრინავს ბევრი ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, მარტო 1964 წელს ჩვენს პოლკში ოთხი მფრინავი დაიღუპა ავიაკატასტროფებში.

პოლკის შემადგენლობიდან ატომური ბომბის გამოყენების თეორიული სწავლება მხოლოდ ოთხმა მფრინავმა დავძლიეთ, მათ შორის მე ერთადერთი ქართველი ვიყავი.
პოლკი ბელორუსიაში, გომელის ოლქის ქ. ბობროვიჩში იდგა. მის შეიარაღებაში СУ-7Б და СУ-7БМ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენები იყო, რომლებსაც მოწინააღმდეგის სახმელეთო სამიზნეების განადგურება ტაქტიკური ბირთვული საავიაციო ბომბით შეეძლოთ. ერთი ასეთი ბომბი თვითმფრინავის ფიუზელაჟის ქვეშ ეკიდა. ფორმით საწვავის დამატებით ავზს წააგავდა და 5 მ სიგრძისა იყო. ბომბის აფეთქების სიმძლავრე 2 კილოტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტს უტოლდებოდა, შემდგომ მისი სიმძლავრე 20 კილოტონამდე გაზარდეს.

ქართული წარმოშობის სამხედროპილოტს როგორ განდეს ასეთი საშინელი დამანგრეველი ძალის იარაღის გამოყენება?
– მანდეს… პირადად მე 40-50 ასეთი ბომბი მაქვს ჩამოგდებული, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა საბრძოლო, ბირთვულმუხტიანი, არამედ საიმიტაციო. მისი აფეთქებისას წარმოიქმნება ისეთივე “სოკო”, როგორიც ნამდვილი ბირთვული აფეთქებისას, თუმცა ეს მხოლოდ ვიზუალური ეფექტია, რადგან აფეთქებისას არ წარმოიქმნება არც რადიაცია, არც ელექტრომაგნიტური იმპულსი და მძლავრი დარტყმითი ძალა.

ჩვენ ბირთვული საავიაციო ბომბის გამოყენების რამდენიმე ვარიანტს ვხვეწდით.

პირველ შემთხვევაში ბომბს კაბრიადების (როდესაც თვითმფრინავი სიმაღლეს იღებს და ცხვირი აწეული აქვს) მომენტში მიზნიდან 6 კმ-ზე ვაგდებდით. ჩამოგდების შემდეგ ბომბი ინერციით ბალისტიკური ტრაექტორიით აგრძელებდა ფრენას.

მეორე ვარიანტი ითვალისწინებდა ბომბის ჩამოგდებისთანავე მკვეთრ ვირაჟს, ფორსაჟის ჩართვას და დიდი სიჩქარით გაქცევას, თუმცა ბომბის აფეთქების მომენტში მხოლოდ 12-15 კმ-ით თუ ვასწრებდით დაშორებას, რაც ნამდვილი ბირთვული აფეთქებისას ჩვენთვის მეტად სახიფათო იქნებოდა.

იმიტირების გარდა, ნამდვილი ბირთვული ბომბებიც თუწაგიღიათ?
– მართალია, საბედნიეროდ, ბირთვული ბომბების გამოყენებამდე საქმე არ მისულა, მაგრამ ბობროვიჩიდან სხვა აეროდრომზე არაერთხელ გადავფრენილვარ ჩემი СУ-7БМ-ით და ფიუზელაჟის ქვეშ, პილონზე, ნამდვილი ბირთვული ბომბი მეკიდა.

ასეთ ბირთვულ ბომბებს საგანგებო საცავებში ინახავდნენ. თვითმფრინავი გადაჰყავდათ ცალკე სადგომზე, ჩამოჰკიდებდნენ ბირთვულ ბომბს და მფრინავებს ხელს გვაწერინებდნენ სპეციალურ აქტზე, რის შემდეგ უკვე პილოტი აგებდა პასუხს ამ საშინელი დამანგრეველი ძალის მქონე ბომბზე.

საზღვარგარეთ თუგიწევდათ მივლინებები?
– 1967 წელს ეგვიპტეში მიმავლინეს იმ საბჭოთა СУ-7Б ტიპის (და მისი მოდიფიკაციების) გამანადგურებელი ბომბდამშენების გამოსაცდელად, რომლებსაც ეგვიპტე საბჭოთა კავშირისგან ყიდულობდა. სწორედ იმ წელს ისრაელსა და ეგვიპტეს შორის ომი დაიწყო და საბრძოლო მოქმედებებში ჩემ მიერ გამოცდილი თვითმფრინავები მონაწილეობდნენ.

1968 წელს მიმავლინეს ერაყში, სადაც 36 ერაყელი სამხედრო მფრინავი გადავამზადე СУ-7БМ-ზე საფრენად. ერაყში მუშაობა რთული იყო, რადგან ტემპერატურა დღისით 500С-მდე ადიოდა, არადა, ინსტრუქციით +350С-ზე ფრენა იკრძალებოდა, ამიტომაც იქაურებს ფრენას დილის 2-3 საათზე ვასწავლიდით.

ისე, ერაყის მთავრობა რატომღაც არ ენდობოდა თავის სამხედრო პილოტებს. მათ აკრძალული ჰქონდათ ბომბებით ფრენა, რომ რომელიმე მორიგი სამხედრო გადატრიალების დროს, პოლიგონის ნაცვლად, მთავრობის რეზიდენცია არ დაებომბათ. დიდი წვალება დამჭირდა, რომ მათთვის ნება დაერთოთ, ბომბებით ეფრინათ. სხვანაირად, გამანადგურებელ-ბომბდამშენის მთავარი საბრძოლო არსის გაზიარებას ვერ შევძლებდი.

1968 წლის აპრილში ქურთები აჯანყდნენ და ქირქუქის აეროდრომთან ნავთობის საცავი ააფეთქეს, შეიძლება ჩვენც დაგვსხმოდნენ თავს. ბრძანება მოვიდა, თვითმფრინავები სასწრაფოდ გადაგვეყვანა ბაღდადის ცენტრალურ აეროდრომზე. ღამით ფორსაჟის ჩართვით ავფრინდით ქირქუქის აეროდრომიდან. თვითმფრინავების რეაქტიული ძრავებიდან გამოტყორცნილმა ცეცხლის ალმა ჩანს, შეაშინა ამბოხებულნი, რომლებიც სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას.

თუ გქონიათ ჰაერში რთული სიტუაცია, როცა საქმე კატაპულტირებამდე მისულა?
– ერთხელ,  ერაყში, დაშვებისას, თვითმფრინავის შასის მარჯვენა ძირითადი დგარი არ გამოვიდა. სიტუაცია ძალიან სახიფათო იყო, მიწიდან სასწრაფო კატაპულტირების რადიობრძანება მოვიდა, მაგრამ არ დავემორჩილე და ჩემი თვითმფრინავი მაინც დავსვი აეროდრომზე, მარცხენა ძირითად დგარზე. სიჩქარის შემცირებასთან ერთად თვითმფრინავმა მარჯვნივ დაფერდება დაიწყო და ფრთით ბეტონს შეეჯახა, თუმცა უმნიშვნელოდ დაზიანდა.

ბაზის ერაყელმა მეთაურმა, გახარებულმა, რომ რამდენიმემილიონიანი თვითმფრინავი გადავურჩინე, 10 ათასი ერაყული დინარის ჩემთვის გამოწერა დააპირა. მაშინ 1 დინარი 2,5 მანეთს უდრიდა და მეტად სოლიდური თანხა იყო. საბჭოთა მფრინავებს კატეგორიულად გვქონდა აკრძალული ერაყელებისგან რაიმე საჩუქრის მიღება. ამიტომაც ბაზის მეთაურს ვუთხარი, ჯობს მაგ ფულით აეროდრომის კეთილმოსაწყობად საჭირო ინვენტარი იყიდოთ-მეთქი…

ერაყში სადამ ჰუსეინს ხომ არ შეხვედრიხართ?
– 1981 წელს მოსკოვიდან საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალების უშიშროების სამსახურიდან დამირეკეს და მითხრეს, – ერაყში უნდა მიგავლინოთ, ოღონდ ამჯერად ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალების მრჩევლადო.

ბაღდადში ჩასვლისას ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი ჩემთან მოიჭრა და გადამეხვია. დავიბენი, თურმე სარდალი აბდულ თარიქი იმ ოცდათექვსმეტ სამხედრო პილოტთაგანი იყო, რომლებიც 11 წლით ადრე ერაყში პირველი მივლინების დროს მოვამზადე.

სარდალმა თარიქმა მითხრა, – სასწრაფოდ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინთან უნდა წავიდეთ, შენი რჩევა სჭირდებაო. საქმე ის არის, რომ მაშინ ერაყი ირანს ეომებოდა. ერაყელებმა საბჭოთა კავშირში, საშუალო სიშორის ТУ-22 ტიპის ბომბდამშენები შეიძინეს და იმით უნდოდათ თეირანის დაბომბვა, მაგრამ არ იცოდნენ, ეყოფოდათ თუ არა საწვავის მარაგი ბომბდამშენებს უკან დასაბრუნებლად.

სადამ ჰუსეინი გულთბილად შემხვდა, ხელი გადამხვიადა მკითხა, როგორცბრძანდებით, მისტერ დარვინ?

ეს ჩვენი მეორე შეხვედრა იყო. 1968 წელს, როდესაც ერაყში სამხედრო პილოტებს ვამზადებდი, მათ შორის სადამ ჰუსეინის ძმისშვილი აბდულ სადამიც იყო. ერთ საღამოს მის სანახავად ბაზაში გვეწვია სადამ ჰუსეინი, რომელიც მაშინ არ იყო პრეზიდენტი, მაგრამ მალე ერაყში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ის ქვეყნის სათავეში მოვიდა.

პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა გამიმხილა, რომ ТУ-22 ტიპის ბომბდამშენებით თეირანის დაბომბვა სურდა და ამაზე ჩემი აზრი აინტერესებდა. შესაბამისი გამოთვლების შემდეგ დავუდასტურე, რომ ამ ბომბდამშენებს ეყოფოდათ საწვავის მარაგი საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად და უკან, ბაზაში დასაბრუნებლად.

როგორ წარიმართა თქვენი შემდგომი კარიერა?
– 1984 წელს ერაყიდან თბილისში დავბრუნდი, ერთ წელიწადში პენსიაზეც გავედი. ერთხანს ერთ-ერთ საავიაციო კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობდი, 1990 წლიდან – დოსააფში, მაგრამ მერე, მოგეხსენებათ, ცხოვრება აირია.

ქართულ სამხედრო ავიაციას თუ მოახმარეთ თქვენი მდიდარი გამოცდილება?
– 1992 წელს საქართველოს შინაგანი ჯარების ავიაციის უფროსად დავინიშნე. დოსააფიდან ხუთი ცალი МИ-2 ტიპის შვეულმფრენი დაგვრჩა. არეულობის დროს მათ ვმალავდით, მაგრამ ორი მაინც წაგვართვეს.

როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, მოიერიშე СУ-25 ხელახლა შევისწავლე (პირველად СУ-25-ით 1979 წელს ვიფრინე) და თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომზე ქართველ პილოტებს ვასწავლიდი ამ მოიერიშეებზე ფრენას. СУ-25-ით ბოლოს 1994 წელს ვიფრინე.

ამავე პერიოდიდან დავიწყე შვეულმფრენების პილოტირება და МИ-8 ტიპის შვეულმფრენს ვმართავდი.

სადამ ჰუსეინის გარდა სხვა პრეზიდენტებთან თუ გქონიათ ურთიერთობა?
– დიახ, საქართველოს ყოფილ და ამჟამინდელ პრეზიდენტთან.

2000-2003 წლებში შვეულფრენით მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დამყავდა.

2004 წლის 1-ელი იანვარი დგებოდა. სასწრაფოდ გამომიძახეს და მიბრძანეს, ზუგდიდიდან მიხეილ სააკაშვილი წამომეყვანა. ზუგდიდში ღამე ვერ დავჯდებოდი, რადგან არც აეროდრომი და არც რაიმე განათებული მოედანი არ იყო. ამიტომაც ჩვენი ეკიპაჟი ისე გაფრინდა, რომ ზუგდიდში მზის ამოსვლისას ვყოფილიყავით. სააკაშვილის კორტეჟი აბაშასთან შევამჩნიეთ, დაცვამ გვიბრძანა, საავტომობილო კორტეჟი ჰაერიდან კოპიტნარის აეროდრომამდე მიგვეცილებინა. კოპიტნარში მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე შვეულმფრენში გადმოსხდნენ და თბილისისკენ გამოვფრინდით. ჯერ ბოდიში მოგვიხადა ახალ წელს შეწუხებისთვის, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილი მფრინავებს შორის, ბორტმექანიკოსის სკამზე დავსვით. მთელი გზა შვეულმფრენისა და მისი პილოტირების შესახებ მეკითხებოდა, აინტერესებდა მფრინავის რთული პროფესია…

შემდეგ უკვე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სვანეთში უშგულობაზე ავიყვანე.

ნოდარვინ, საერთო ჯამში რამდენი საათი გაატარეთ ჰაერში?
– მარტო საბჭოთა პერიოდში, თუ არ ჩავთვლით მოდიფიკაციებს, 6 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავით 4500 საათი მაქვს ნაფრენი. 1991 წლის შემდეგ საფრენოსნო წიგნი აღარ მქონია, თუმცა შვეულმფრენებით მთელი საქართველო მაქვს მოვლილი და თან არაერთხელ…

Entry filed under: სამხედრო ისტორია, სამხედრო კორესპონდენტი. Tags: , , .

შეტევა თავისუფლების ფლოტილიაზე უკანასკნელი ქართველი „მაკიზარი“ სახელად „კომენდანტი ვანია“

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: