საქართველო და საბჭოთა სამხედრო ავიაცია

February 17, 2011 at 6:58 pm Leave a comment

თემურ ჩაჩანიძე

NATO-ს წევრი ქვეყანებიდან საბჭოთა კავშირს უშუალო საზღვარი მხოლოდ თურქეთთან ჰქონდა და ომის შემთხვევაში კავკასიის რეგიონი სტრატეგიულ პლაცდარმად განიხილებოდა, საიდანაც საბრძოლო მოქმედებათა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადატანი იყო დაგეგმილი.

ომის დროს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი ფრონტად გარდაიქმნებოდა და მასში შემავალ მოტომსროლელ, ჯავშანსატანკო თუ საარტილერიო ნაწილებს ჰაერიდან მხარდაჭერას 34-ე საჰაერო არმია (შტაბი თბილისში) გაუწევდა.

საჰაერო არმიის განკარგულებაში არსებული აეროდრომებიდან კავკასიაში ყველაზე მეტი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობდა.

გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისისათვის 34-ე არმიის შემადგენლობაში შედიოდა: 36-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენთა საავიაციო დივიზია (შტაბი _ დიდი შირაქის აეროდრომი), 283-ე გამანადგურებელთა საავიაციო დივიზია (შტაბი _ ცხაკაიას (ახლანდელი სენაკის) აეროდრომი, 313-ე ცალკეულ მზვერავთა საავიაციო პოლკი (აეროდრომი ვაზიანი), ყულევის ავიაპოლიგონი და სხვა ნაწილები.

დივიზიები ძირითადად ერთი ტიპის ან ერთი დანიშნულების თვითმფრინავებისაგან შედგებოდა, მაგრამ ახალ, უფრო თანამედროვე თვითმფრინავებზე გადასვლა ზოგჯერ საავიაციო პოლკის დანიშნულებას ან დაქვემდებარებას ცვლიდა.

36-ე საავიაციო დივიზიის პოლკებიდან საქართველოში ბაზირებდა 166-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენთა საავიაციო პოლკი (აეროდრომი სანდარი-მარნეული) და 168-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენთა საავიაციო პოლკი (აეროდრომი დიდი შირაქი).

1950 წელს სანდარის აეროდრომზე 166-ე საავიაციო გამანადგურებლთა პოლკის განთავსდა და მისი მთავარი დანიშნულება ჰაერიდან თბილისის დაცვა იყო.

1962 წელს პოლკი ბაქოს საჰაერო თავდაცვის ოლქის მე-14 საჰაერო თავდაცვის კორპუსის დაქვემდებარებაში გადავიდა. იმ პერიოდისათვის პოლკის მფრინავები МиГ-17П ტიპის ავიაგადამჭრელებით დაფრინავდნენ, რომელიც 1970-83 წლებში მომდევნო თაობის Су-15-ის ტიპის ავიაგადამჭრელებმა ჩაანაცვლეს.

1980 წლის მაისში ბაქოს საჰაერო თავდაცვის ოლქი დაიშალა და 166-ე საავიაციო პოლკი 34-ე არმიის დაქვემდებარებაში გადავიდა.

1983 წელს პირადმა შემადგენლობამ გადამზადება Су-17м3 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენებზე გაიარა და 36-ე დივიზიის შემადგენლობაში შევიდა.

1985 წლის სექტემბრიდან 1986 წლის ნოემბრის ბოლომდე პოლკი ავღანეთში იმყოფებოდა, რომელივ ფაქტობრივად უდანაკარგოდ მოიარა.

1986 წლის 24 იანვარს მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საჰაერო თავდაცვის ნაწილები მე-19 ცალკეულ საჰაერო თავდაცვის არმიაში გაერთიანდა და 166-ე საავიაციო პოლკი საჰაერო თავდაცვას უკან დაუბრუნდა.

1989 წლის თებერვლიდან მფრინავები საბჭოთა არმიის სხვადასხვა სამხედრო ოლქში მოგროვილ და იმდროისათვის უკვე მოძველებულ Су-15თM ტიპის ავიაგადამჭრელებზე დაფრინავდნენ.

1993 წლის 3 იანვარს პოლკის პირადი შემადგენლობა საქართველოდან გავიდა და სანდარის აეროდრომზე 29 Су-15თM დატოვა.

ახლა რუსები ამტკიცებენ, რომ 24 მათგანი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდა. არადა გასვლის წინ თვითმფრინავები საფუძვლიანად დააზიანეს, კაბელები ჩაჭრეს და ექსპლუატაციისათვის საჭირო ლიტერატურაც კი გაანადგურეს. თვითმფრინავები პრაქტიკულ ღირებულებას აღარ წარმოადგენდა და ჯართად დაიჭრა.

166-ე საავიაციო პოლკის ისტორიაში საქართველოში ყოფნის პერიოდი ერთი სერიოზული ინციდენტით აღინიშნა.

1981 წლის 18 ივლისს საბჭოთა კავშირის საზღვარი სომხეთში ირანის მხრიდან არგენტინის ავიაკომპანიის სატრანსპორტო ოთხძრავიანმა ჩანადაირ ჩL-44D4-6-მა დაარღვია.

თვითმფრინავის დასაკავებლად სანდარის აეროდრომიდან ორი Су-15 აფრინდა, მაგრამ პილოტებმა საზღრის დამრღვევი თვითმფრინავის აღმოჩენა ვერ შეძლეს, თანაც საწვავი უმთავრდებოდათ და აეროდრომზე დაბრუნდნენ.

დავალების შესასრულებლად კაპიტანი ვალენტინ კულიაპინი გაიგზავნა. საბჭოთა პილოტმა საზღვრის დამრღვევი მოძებნა და საბჭოთა აეროდრომზე დაჯდომას აიძულებდა, მაგრამ ბრძანებებზე სატრანსპორტო თვითმფრინავის ეკიპაჟი რეაგირებას არ ახდენდა და ფრენას განაგრძობდა.

კულიაპინმა სამიზნის განადგურების ბრძანება მიიღო, მაგრამ თვითმფრინავები იმდენად ახლო მიფრინავდნენ, რომ რაკეტების გამოყენება არ შეიძლებოდა, ხოლო საავიაციო ქვემეხების კონტეინერი ავიაგადამჭრელს რატომღაც არ ჰქონდა. ერთადერთი გამოსავალი ტარანი იყო და მფრინავმა Су-15-ის ფიუზელაჟი სატრანსპორტო თვითმფრინავის მარჯვენა სტაბილიზატორს გამოსდო.

დაზიანებული არგენტინული თვითმფრინავი შტოპორში გადავიდა, მიწისკენ წავიდა და საზღვრიდან 2 კილომეტრში ჩამოვარდა, ხოლო სამკაციანი ეკიპაჟი და ერთი მგზავრი დაიღუპა.

ავიაგადამჭრელიც ჩამოვარდა, მაგრამ კულიაპინს გაუმართლა და გადარჩა, ხოლო უფროსობამ მამაცური საქციელისათვის საბჭოთა კავშირის გმირობაზე წარადგინა. მოსკოვში კი საჰაერო ტარანის ჩამდენ მფრინავს წითელი დროშის ორდენი აკმარეს.

36-ე საავიაციო დივიზიაში შემავალი მეორე 168-ე საავიაციო პოლკი თავიდან Су-7-ებზე დაფრინავდა, რომელიც მოგვიანებით Су-17м3 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენებმა ჩაანაცვლეს.

პოლკი ავღანეთის ომშიც მონაწილეობა და იქ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა.

168-ე პოლკის პირადი შემადგენლობა გადამზადების შემდეგ 1988 წლიდან Су-24M ტიპის საფრონტო ბომბდამშენებზე დაფრინავდა. ახალი საავიაციო ტექნიკა ოლქის სხვა საავიაციო ნაწილებმაც მიიღეს და ამის საფუძველზე 36-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენთა საავიაციო დივიზიას რეორგანიზაცია ჩაუტარდა და 36-ე ბომბდამშენთა საავიაციო დივიზიად გადაკეთდა.

1991 წელს 168-ე პოლკის 30 ბომბდამშენმა საქართველო დატოვა და კურსი დიდი შირაქიდან მარინოვკისაკენ აიღო, სადაც საავიაციო ნაწილი დაიშალა.

1961 წელს ჩამოყალიბდა და ქუთაისის მახლობლად კოპიტნარის აეროდრომზე განთავსდა 143-ე ბომბდამშენთა საავიაციო პოლკი, რომლის ორი ესკადრილია Ил-28 ტიპის ბომბდამშენებით, ხოლო ერთი კი _ მზვერავ Ил-28Р–ებით დაფრინავდა.

1966 წლიდან პოლკმა Як-28 ტიპის საფრონტო ბომბდამშენებზე გადასვლა დაიწყო. 1968 წლისათვის I და III ესკადრილია უკვე ახალი ტიპის თვითმფრინავებზე დაფრინავდა. შემდგომში II ესკადრილიის განკარგულებაში Як-28ПП გამოჩნდა.

1977-78 წლებში პოლკმა ახალი საფრონტო ბომბდამშენი Су-24 აითვისა და მფრინავებმა მომზადება მთებში მოქმედების გათვალისწინებით გაიარეს. 1984 წლის აპრილში ამ გამოცდილების ავღანეთში გამოყენების მცდელობა იყო, მაგრამ დიდი სიმაღლიდან ჩამოყრილი ბომბები ავღანელ მოჯაჰედებს მაინცდამაინც დიდ ზიანს არც აყენებდა.

1986 წლიდან შეიარაღებაში Су-24M-ები შემოვიდა და პოლკი 36-ე ბომბდამშენთა საავიაციო დივიზიას შეუერთდა. 1989 წლის იანვარ-თებერვალში კოპიტნარელი მფრინავები ავღანეთის ცაში მეორეჯერ გამოჩდნენ, მაგრამ ამჯერად საბჭოთა არმიის გამოსვლის უზრუნველსაყოფად.

1992 წელს 143-ე პოლკმა და 28 Су-24M ტიპის საფრონტო ბომბდამშენმა საქართველო დატოვა და რუსეთში გადაბარგდა.

1967 წლამდე კოპიტნარში საჰაერო თავდაცვის 167-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკიც იდგა, რომელიც Су-9 ტიპის ავიაგადამჭრელებით დაფრინავდა და დასავლეთ საქართველოს მიმართულებას იცავდა.

1980-იანი წლებისათვის 283-ე გამანადგურებელთა საავიაციო დივიზიაში შედიოდა: 176-ე გამადგურებელთა საავიაციო პოლკი (აეროდრომი ცხაკაია), 982-ე პოლკი გამადგურებელთა საავიაციო პოლკი (აეროდრომი ვაზიანი), 529-ე გამადგურებელთა საავიაციო პოლკი (აეროდრომი ბომბორა) და 841-ე განადგურებელ-ბომბდამშენთა საავიაციო პოლკი (აეროდრომი მერია).

გუდაუთასთან მდებარე ბომბორას აეროდრომზე 1982 წლამდე 171-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკის Су-15თM და Як-28П ტიპის ავიაგადამჭრელები იყო განთავსებული.

პოლკი 1980 წლის ივნისამდე მე-14 საჰაერო თავდაცვის კორპუსის და შემდგომში აეროდრომის დატოვებამდე 34-ე საჰაერო არმიის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.

1982 წელს ბომბორაზე 529-ე განადგურებელთა საავიაცო პოლკის 34 Су-27 შემოვიდა. პოლკის ავიაგამანდგურებლებმა აფხაზეთის კონფლიქტში მონაწილეობა მოასწრეს, სადაც საჰაეროს სივრცის პატრულირებისა და ქართული მოიერიშეების ჩამოგდების ამოცანებს ასრულებდნენ.

ერთ-ერთი ავიაგამანადგურებელი Су-27ჩK საბორტო ნომრით 11 სოხუმის მახლობლად ქართული ფორმირებების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიის თავზე ფრენის დროს 1993 წლის 19 მარტს ჩამოვარდა, ხოლო მფრინავი _ მაიორი ვაცლავ შიპკო დაიღუპა.

მერიის აეროდრომზე 1989 წლის ოქტომბრამდე 841-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენთა საავიაციო პოლკი ბაზირებდა, რომელიც იმავე წლის ბოლოს შავი ზღვის ფლოტს თავისივე ტექნიკით _ МиГ-23М ტიპის თვითმფრინავებით გადაეცა და საზღვაო 119-ე გამანადგურებელთა საავიაციო დივიზიის (შტაბი ტირასპოლში) დაქვემდებარებაში გადავიდა.

1991 წელს საავიაციო პოლკი 841-ე წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო შვეულმფრენთა პოლკად გადაკეთდა და ეკიპაჟებმა Ми-14 ტიპის შვეულმფრენი-ამფიბიების ათვისება დაიწყეს.

მაგრამ საბჭოთა კავშირი დაიშალა და პოლკი მერიიდან ისე გავიდა, რომ იქ სარემონტო 7 Ми-14пл ამფიბიის, გასაუვნებელყოფი საბრძოლო მასალებისა და მელანჟის გარდა სხვა არაფერი გაიმეტა.

ცხაკაიას აეროდრომზე განლაგებული 176-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების პირველ ნახევარში МиГ-29 ტიპის გამანადგურებლებით აღიჭურვა. ამის მიზეზი ალბათ კორეის ომში დაგროვილი გამოცდილება და მფრინავთა ოსტატობა შეიძლება ყოფილიყო.

პოლკის ყოველდღიური ცხოვრება სხვა საავიაციო პოლკებისაგან ბევრი არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ ცხაკაია და 176-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცია.

1989 წლის 20 მაისს კაპიტანი ალექსანდრე ზუევი მორიგე მფრინავებს ტორტით გაუმასპინძლდა, რომელიც მოწამლული გამოდგა. გადაჭრა სატელეფონო კაბელები, პისტოლეტით თვითმფრინავების მოყარაულე ჯარისკაცი დაჭრა და МиГ-29-ით ჰაერში აიჭრა.

ზუევმა კურსი თურქეთისაკენ აიღო და სანამ ოლქის სარდლობა გაქცეული მფრინავის დასაკავებელ ზომებს აამოქმედებდა, ის უკვე ტრაპიზონის აეროდრომზე იმყოფებოდა.

1992 წელს პოლკმა და 35-მა МиГ-29-ამ საქართველო დატოვა. პოლკის მფრინავებში იყვნენ ისეთები, ვისაც დარჩენა და საქართველოში სამსახური სურდათ, მაგრამ მაშინ ამისათვის არავის ეცალა და საქართველო თანამედროვე ავიაგამანადგურებლების გარეშე დარჩა,

ვაზიანის 982-ე საავიაციო პოლკი МиГ-23МЛД ტიპის ავიაგამანადგურებლებზე დაფრინავდა. პოლკის ესკადრილიები 1984-86 წლებში მონაცვლეობით ავღანეთში იგზავნებოდა, სადაც მფრინავებმა ჰაერიდან გზების დანაღმვის ელემენტები კარგად აითვისეს.

პოლკს სახელი გაუთქვა ერთმა რიგითმა მფრინავმა, რომელმაც მსოფლიოში პირველმა რეაქტიული თვითმფრინავით საჰაერო ტარანი განახორციელა.

1973 წლის 28 ნოემბერს აზერბაიჯანთან საბჭოთა კავშირის საჰაერო საზღვარი ირანულმა გამანადგურებელ-ბომბდამშენმა Fანტომ F-4-მა გადმოკვეთა და საზღვრის დამრღვევის წინააღმდეგ კაპიტანი გენადი ელისეევი გაიგზავნა.

ელისეევი МиГ-21СМ-ით გაფრინდა და ჰაერში სამიზნის განადგურების ბრძანება მიიღო. საბჭოთა მფრინავმა ირანულ ,,ფანტომს~ ,,ჰაერი-ჰაერი~ კლასის ორი რაკეტა ესროლა, მაგრამ მიზანს ორივე აცდა.

ბრძანება სამიზნის განადგურებას მოითხოვდა და ამ ვითარებაში კაპიტანი ელისეევი ტარანზე წავიდა. ,,მიგის~ ფრთის დარტყმამ ,,ფანტომის~ კუდი გადაჭრა და მიღებული დაზიანებებისაგან ორივე თვითმფრინავი ჩამოვარდა.

გაუგებარია მფრინავმა სამიზნის განადგურებისათვის, თუ რატომ არ გამოიყენა ,,მიგის~ 23 მმ-იანი ქვემეხები? ერთი ვერსიით ბრძოლის ქარცეცხლში მას ქვემეხების არსებობა უბრალოდ დაავიწყდა. მეორე მოსაზრებით კი _ ქვემეხები გაეჭედა და სროლის საშუალებას არ იძლეოდა.

,,ფანტომის~ ორივე მფრინავი გადარჩა, ხოლო ელისეევი დაიღუპა და სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირის გმირობა მიანიჭეს.

ვაზიანის გამანადგურებელთა პოლკს კიდევ ერთი ისტორია უკავშირდება, რომელიც საქართველოდან გასვლამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.

1992 წლის 8 აპრილს აზერბაიჯანში სიტალ-ჩაის აეროდრომიდან უფროსმა ლეიტენანტმა ვაგიფ კურბანოვმა მე-80 ცალკეულ მოიერიშეთა საავიაციო პოლკიდან Су-25 ტიპის მოიერიშე გაიტაცა და ევლახის სამოქალაქო აეროპორტში დასვა.

აზერბაიჯანის არმიისათვის, რომელიც ყარაბაღისათვის მძიმე ბრძოლებს აწარმოებდა, მოიერიშე თვითმფრინავი მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენდა, მაგრამ საფრთხეს რუსეთის მოკავშირე სომხეთის არმიას უქმნიდა.

მოსკოვიდან მიღებული ბრძანების შემდეგ ვაზიანის აეროდრომზე ორი МиГ-23МЛД მუდმივ მზადყოფნაში იმყოფებოდა ერთი დავალებით _ გაქცეული აზერბაიჯანელი მფრინავი თავის მოიერიშესთან ერთად როგორმე ჩამოეგდო. პოლკმა საქართველო ისე დატოვა, რომ მოსკოვიდან მიღებული დავალების შესრულება ვერ შეძლო.

ვაზიანის აეროდრომს ბაზირებისათვის 313-ე ცალკეულ მზვერავთა საავიაციო პოლკიც იყენებდა. პოლკის პირადი შემადგენლობა Су-17P ტიპის ავიამზვერავებით დაფრინავდა.

პოლკის ესკადრილიებმა ავღანეთის ომში მონაწილეობა მიიღეს და საბრძოლო მოქმედებებში ორი თვითმფრინავიც დაკარგეს.

სამხედრო აეროდრომებთან ერთად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ავიაცია ბაზირებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტებსაც იყენებდა, სადაც ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე სამხედრო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების სადგომები იყო მოწყობილი.

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე სამოქალაქო აეროპორტს ქუთაისის 31-ე საარმიო კორპუსის დაქვემდებარებაში მყოფი 56-ე შერეული ცალკეული საავიაციო ესკადრილია იყენებდა.

საქართველოდან გასვლის წინ ესკადრილიის შემადგენლობაში 5 საბრძოლო-სატრანსპორტო Ми-8თ და 1 სატრანსპორტო Ми-6 ტიპის შვეულმფრენი შედიოდა.

თბილისის აეროპორტში ,,ალექსეევკას~ სახელით ცნობილი ტერიტორია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის 193-ე ცალკეული შერეული საავიაციო ესკადრილიის განკარგულებაში იყო. ესკადრილია Ан-12 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავებსა და Ми-6/Ми-8 ტიპის შვეულმფრენებს აერთიანებდა.

მარნეულის აეროდრომზე ავიაგამანადგურებლებთან ერთად განთავსებული იყო 141-ე ცალკეულ შვეულმფრენთა რაზმი, რომელიც საჰაერო თავდაცვის მე-14 კორპუსის შემადგენლობაში შედიოდა და 3 Ми-26-სა და 5 Ми-8-საგან შედგებოდა.

ამიერკავკასიის სამხდერო ოლქის განკარგულებაში საარმიო ავიაციის შვეულმფრენთა სამი პოლკი იყო და სამივე ბაზირებისათვის საქართველოს ტერიტორიით სარგებლობდა.

ცხინვალთან მდებარე აეროდრომს ოლქის მე-7 არმიის (შტაბი ერევანში) დაქვემდებარებაში მყოფი 292-ე ცალკეულ სატრანსპორტო-საბრძოლო შვეულმფრენთა პოლკი იყენებდა.

პოლკის პირველი შვეულმფრენები საქართველოში 1973 წლის აპრილში სამხედრო სწავლება ,,კავკაზში~ მონაწილეობის მიზნით ტორჟოკიდან შემოფრინდა. ცხინვალამდე გზაში შუალედური დაჯდომები კუბინკაში, ვორონეჟში, ვოროშილოვგრადში, კრასნოდარში, გუდაუთასა და წულიკიძეში შესრულდა.

1980 წლის 7 იანვარს განგაშით პოლკის I ესკადრილიის Ми-24В-ები და II ესკადრილიის Ми-24А-ები ცხინვალიდან ვაზიანში გადაფრინდნენ, სადაც შვეულმფრენები დაიშალა და მძიმე, სატრანსპორტო Ан-22-ებმა უზბეკეთში ქაქაიდის აეროდრომზე გადაიტანეს.

აწყობა-შემოწმების შემდეგ ეკიპაჟებმა შვეულმფრენებით 10 იანვარს გაცნობითი ფრენა ავღანეთის ტერიტორიასა და ყუნდუზის აეროდრომზე დაჯდომით შეასრულეს. 13 იანვარს ორივე ესკადრილიამ პირველი საბრძოლო გაფრენის დროს ხელთარსებული ყველა საცეცხლე საშუალება გამოიყენა.

14 იანვრიდან ესკადრილიები ბაზირებისათვის ყუნდუზის აეროდრომზე გადაფრინდნენ. თებერვლის შუა რიცხვებიდან I ესკადრილიის დისლოკაციის ადგილი ჯალალაბადის აეროდრომია, ხოლო ყუნდუზში დარჩენილ II ესკადრილიას იმავე დროისათვის ცხინვალიდან გადმოყვანილი III ესკადრილიის Ми-8თ-ები დაემატა.

ავღანეთში მივლინება 1981 წლის 23 აგვისტოს დასრულდა. საბრძოლო მოქმედვბებში პოლკმა ოთხ-ოთხი Ми-24 და Ми-8 დაკარგა. პირადი შემადგენლობიდან დაღუპულთა შორის არის გორელი პრაპორშჩიკი იური გოლოშვილი.

1980 წლის 25 აგვისტოს 1980 წლის 25 აგვისტოს შვეულმფრენთა რგოლი დავალებას ასრულებდა, როცა შვეულმფრენმა, რომლის ეკიპაჟში გოლოშვილი შედიოდა, მიწიდან ДШК-ს ცეცხლმა მძიმე დაზიანებები მიაყენა და დაჯდომის მცდელობისას აფეთქდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

1990 წლების დასაწყისისათვის 292-ე პოლკი 24 საბრძოლო Ми-24-სა და 20 სატრანსპორტო Ми-8თ-ს ითვლიდა და ოლქის საარმიო ავიაციის ყველაზე გამოცდილ ნაწილს წარმოადგენდა. ავღანეთში მიღებული გამოცდილება და სწავლებებზე დამუშავებული ჩვევები პოლკის მფრინავებმა ძალიან მალე კავკასიურ კონფლიქტებში გამოიყენეს

ყარაბაღის ომის პირველ წლებში პოლკის Ми-24 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენები ყარაბაღელი სომხების საცეცხლე წერტილების ჩახშობის ამოცანებს ასრულებდნენ, ხოლო სატრანსპორტო შვეულმფრენებს კი _ საბჭოთა არმიისა და აზერბაიჯანის ომონის მებრძოლები გადაჰყავდა.

ფრენები ყარაბაღელთა ძლიერი წინააღმდეგობის პირობებში სრულდებოდა. ცნობილია, რომ 1991 წლის 20 ივლისს შაუმიანის რაიონის სოფელ ბუზულუკთან მიწიდან გახსნილი ცეცხლით სამი Ми-24 დაზიანდა და ერთი მფრინავი დაიჭრა.

შვეულმფრენების საპასუხო ცეცხლი კი ბოევიკებზე მეტ დანაკარგებს მშვიდობიან მოსახლეობაში იწვევდა. 1991 წლის 18 სექტემბერს Ми-24-ებმა ასგერანის რაიონის სომხურ სოფლებთან ნორაგიუხთან, მეხტიშენთან და ბერკაძორთან განლაგებულ საცეცხლე წერტილებს შეუტიეს, რასაც ერთ-ერთ სოფელში ქალის დაღუპვა და რამდენიმე მშვიდობიანი მაცხოვრებლის დაჭრა მოჰყვა.

ცხინვალის რეგიონში 1991-92 წლებში შეიარაღებული დაპირისპირების დროს პოლკის საწყობები ოსური ფორმირებებისათვის იარაღისა და საბრძოლო მასალების შევსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ გადაიქცა.

დროდადრო პოლკის ტერიტორია ქართული ფორმირებების ცეცხლის ზონაში ხვდებოდა, რაც მფრინავთა გაღიზიანებისა და ოსური რაზმების მხარდაჭერის ერთ-ერთი მიზეზი იყო.

1992 წლის გაზაფხილზე პოლკში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალ-პოლკოვნიკი გიორგი კონდრატევი იმყოფებოდა და საკითხის რუსეთის ვუცე-პრეზიდენტ ალექსანდრ რუცკოისთან შეთანხმების შემდეგ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობამ პოლკის მეთაურს შვეულმფრენებით ქართული ფორმირებების პოზიციათა ცეცხლით დამუშავების უფლება მისცა.

ქართული გვარდიის, მილიციის, პოლიტიკური პარტიებისა თუ მოხალისეთა რაზმები საჰაერო თავდაცვის საშუალებებით სუსტად ან საერთოდ დაუცველნი იყვნენ და შვეულმფრენების დაუსჯელ რეიდებს რუსი სამხედროები ეფექტურ მოქმედებებად აფასებდნენ.

ერთ-ერთი თავდასხმის დროს 1992 წლის 18 ივნისს სამმა რუსულმა შვეულმფრენმა უმართავი რაკეტული ჭურვებით ქართველ გვარდიელთა პოზიციები დაამუშავა, რასაც 2 გვარდიელის დაჭრა და ერთის დაღუპვა მოჰყვა.

დაგომისის 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმების ერთი პუნქტი ცხინვალიდან რუსეთის არმიის შვეულმფრენთა და მესანგრეთა პოლკების გაყვანას შეეხებოდა.

მალე 292-ე პოლკის შვეულმფრენთა არასრული ესკადრილია თელავის აეროდრომზე დაეშვა და 1992 წლის ივლისის მეორე ნახევარში ქართველმა მფრინავებმა სამ-სამი Ми-24В და Ми-24П ტიპის საბრძოლო შვეულმფრენი მიიღეს.

ოლქის სარდლობის უშუალო დაქვემდებარებაში იყო თელავის 793-ე სატრანსპორტო-საბრძოლო შვეულმფრენთა პოლკი, რომლიც არსებობას 1952 წლიდან იწყებს. მაშინ პოლკის მფრინავები Ми-4-ებით დაფრინავდნენ.

1963 წელს პოლკმა სატრანსპორტო Ми-6-ები მიიღო, რომლებიც 1973 წლიდან ჯერ Ми-8თ-ებმა შეცვალეს და 1986 წლიდან Ми-26 ტიპის შვეულმფრენები დაემატა.

პოლკს საკმაოდ მდიდარი საბრძოლო ბიოგრაფია ჰქონდა. პირად შემადგენლობას დავალებების შესრულება მოუწია კორეაში, კონგოში, ინდონეზიაში, მაროკოში, ალჟირში, ლაოსში, სომალსა და სხვა ქვეყნებში.

1980-86 წლებში პოლკის ესკადრილიები მონაცვლეობით ავღანეთში იმყოფებოდნენ. ავღანეთში პოლკმა 19 ადამიანი დაჰკარგა და მათ შორის არის უფროსი ლეიტენანტი როლანდ დაუდაშვილი.

ქართველი ოფიცერი ავღანეთში 1985 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა და ეკიპაჟში შტურმანის მოვალეობას ასრულებდა. 1985 წლის 19 იანვარს საბრძოლო დავალების შესრულების დროს Ми-8Шთ ჩამოვარდა და ეკიპაჟი მთლიანად დაიღუპა.

1986 წლის მაის-ოქტომბერში თელავის პოლკის შვეულმფრენებმა ჩერნობილში დანგრეული რეაქტორის თავზე 125 გაფრენა შეასრულეს.

1988 წლის დეკემბერში სომხეთში მიწისძვრით დაზარალებულებისათვის საკვების, მედიკამენტებისა თუ პირველადი აუცილებლობის ნივთების ტრანსპორტირებისას 793-ე პოლკის მძიმე სატრანსპორტო Ми-26-ები შეუცვლელი იყო.

1989-92 წლებში პოლკი ყარაბაღის გარშემო განვითარებული მოვლენებისა და შემდეგ საომარ მოქმედებათა მონაწილე აღმოჩნდა. სატრანსპორტო Ми-26-ები სომხეთიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული სახის ტვირთთან ერთად იარაღსა და საბრძოლა მასალებს ეზიდებოდნენ.

დაფრინავდნენ ნახჭევანში, სადაც რუსეთის არმიის 72-ე მოტომსროლელ დივიზიას აუცილებელი საშუალებებით ამარაგებდნენ.

ფრენა ყარაბაღის თავზე სახიფათო და საშიში იყო. დაპირისპირებული მხარეები რუსულ შვეულმფრენებს ეჭვის თვალით უყურებდნენ და ჩამოგდებას ცდილობდნენ.

1992 წლის 3 მარტს Ми-26 საბრძოლო Ми-24 თანხლებით ყარაბაღში სოფელ გიულისტანისკენ მიფრინავდა, როცა კამუფლირებულმა აზერბაიჯანულმა Ми-8-ამ შეუტია, მაგრამ თანხლებმა საბრძოლო Ми-24-მა შეტევის მოგერიება შეძლო. უკანა გზაზე თელავის პოლკის Ми-26-ს სოფელ სეიდილიართან მიწიდან გასროლილი ხელით გადასატანი საზენიტო რაკეტა მოხვდა და ეკიპაჟმა მძიმედ დაზიანებული შვეულმფრენის დასმა მაინც მოახერხა, მაგრამ ბორტზე მყოფი 50 ადამიანიდან 12 დაიღუპა.

თელავის პოლკის მეორე Ми-26 სომხების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე 12 მაისს ჩამოვარდა და ექვსკაციანი ეკიპაჟი მთლიანად დაიღუპა.

1992 წელს თელავის პოლკის შვეულმფრენები ცხინვალის გავლით რუსეთში პრივოლჟსკის სამხედრო ოლქის კინელ-ჩესკარის აეროდრომზე გადაფრინდნენ.

თელავის შვეულმფრენთა პოლკის კავკასიაში ყოფნა ერთი საგანგებო შემთხვევით აღინიშნა. 1991 წლის 24 აპრილს ლეიტენანტი ირეკ გიმატოვი Ми-8თ ბორტი #09-ით ერევნიდან თურქეთში გადაფრინდა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. თურქებმა შვეულმფრენი მალე დააბრუნეს, მაგრამ პილოტის გარეშე.

დასავლეთ საქართველოში ქალაქ წულიკიძესთან (ახლანდელი ხონი) აგებული აეროდრომი 1977 წელს 325-ე ცალკეულ სატრანსპორტო შვეულმფრენთა პოლკს გადაეცა.

პოლკი 31-ე საარმიო კორპუსის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და მთავარი დანიშნულება ქუთაისის 21-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის დესანტირება იყო.

პოლკის შემადგენლობაში 46 საბრძოლო-სატრანსპორტო Ми-8თ და 20 სატრანსპორტო Ми-6 ტიპის შვეულმფრენი შედიოდა. ბევრი მფრინავი ავღანეთის ომში მონაწილეობდა და სათანადო გამოცდილებასაც ფლობდა.

1992 წლის სექტემბერში პოლკი რუსეთში ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის აეროდრომ ეგორლიკსკაიაზე გადავიდა, მაგრამ რამდენიმე შვეულმფრენი გუდაუთასთან ბომბორას აეროდრომზე დარჩა.

აფხაზეთის კონფლიქტის დროს შვეულმფრენები ტყვარჩელის მიმართულებით მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებელ ჰუმანიტარულ რეისებს ასრულებდნენ. იმავდროულად იმავე რეისებით აფხაზური ფორმირებები იარაღსა და საბრძოლო მასალებს ღებულობდნენ, მიმდინარეობდა ბოევიკთა ჯგუფებისა და სეპარატისტთა ლიდერების გადაყვანა.

ერთ-ერთი ასეთი რეისის დროს ქართულმა ფორმირებებმა 1992 წლის 14 დეკემბერს სოფელ ლათასთან 325-ე პოლკის Ми-8თ ტიპის შვეულმფრენი ჩამოაგდეს. შვეულმფრენში სამწუხაროდ ტყვარჩელიდან ევაკუირებული მშვიდობიანი ადამინები აღმოჩდნენ და ეკიპაჟის სამ წევრთან ერთდ 58 მგზავრი დაიღუპა.

2008 წლის აგვისტოს აგრესიის დროს პოლკის შვეულმფრენები დასავლეთ საქართველოში საოკუპაციო ჯარებს ჰაერიდან მხარდაჭერას უკეთებდნენ და იმავე სამსახურს ამჯერად უკვე გუდაუთის მე-7 რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში აგრძელებენ

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ამ მრავალფეროვანი საავიაციო ტექნიკიდან რუსული მონაცემებით საქართველომ 29 თვითმფრინავი და 11 შვეულმფრენი მიიღო.

საქართველოსათვის გადაცემულ თვითმფრინავებში რუსები მარნეულის აეროდრომზე მიტოვებულ და მწყობრიდან გამოსულ 29 Су-15თM-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს გულისხმობენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საბჭოთა არმიის საავიაციო ნაწილების განკარგულებაში მყოფ 318 თვითმფრინავიდან და შვეულმფრენიდან ჩვენ შეიარაღებულ ძალებს 1992-95 წლებში რუსებისაგან მხოლოდ 1 თვითმფრინავი და 12 შვეულმფრენი გადმოეცა.

სახმელეთო აეროდრომებთან ერთად მეორე მსოფლი ომის დროს შავი ზღვის ფლოტი საზღვაო ავიაცია ბაზირებისათვის პალიასტომის ტბას იყენებდა, სადაც

БР-2 ტიპის საზღვაო ჰიდროთვითმფრინავების ესკადრილია იყო განლაგებული.

ომის შემდგომ პერიოდში პალიასტომზე ჰიდროთვითმფრინავები ერთ ხანს კიდევ რჩებოდნენ, ხოლო 1953 წლის ივლის-ნოემბერში ტბის ზედაპირზე გამოცდები გაიარა ქართველი ავიაკონსტრუქტორის გიორგი ბერიაშვილის მიერ შექმნილმა Бе-6 გამოიცდა.

Entry filed under: სამხედრო ისტორია, საქართველოს შეიარაღებული ძალები. Tags: , , .

საქართველოს შეიარაღებული ძალები ქრისტიან-დემოკრატები როკის გვირაბთან და ფსოუსთან საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას მოითხოვენ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: